სამართალი
მოშიმშილე ვეტერანების აქცია გმირთა მოედანზე პოლიციამ დაშალა

gmirta-moedani23 იანვარს პოლიციამ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია დაშალა. ეს აქტი მოხდა მოშიმშილე ვეტერანებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა–შემოხლის ფონზე, რასაც რამოდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.

პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ომის ვეტერანები 27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავდნენ მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.

აქცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ მიმდინარეობდა.

ვეტერანები ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად დაწყებული შიმშილობის აქციის შეწყვეტას კვირის ბოლოსთვის გეგმავდნენ.

აქციის დაშლის შემდეგ გმირთა მოედანზე პრეზიდენტ სააკაშვილის ესკორტმა ჩაიარა.