სამართალი
ნიცაში ტერაქტის დროს საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, გუშინ ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (რომან ეკმალიანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ.

 „აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

 საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.

 რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა.