აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შეხვდა

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრა თურქეთში განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. თურქეთის პრემიერ- მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეაფასეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას.