უცხოეთი
თურქეთის იუსტიციის მინისტრი სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინებას საჭიროდ არ მიიჩნევს

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის იუსტიციის მინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინებას. როგორც ბექირ ბოზდაგმა ტელეკომპანია CNN Turk-ის ეთერში განაცხადა, სიკვდილით დასჯის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თურქულ კანონმდებლობას და არა ევროკავშირის სურვილს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადეს, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ის სიკვდილით დასჯას იყენებს.

16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.

ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად  ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.