საზოგადოება
აშშ-ის ელჩი შეწუხებულია გმირთა მოედანზე პოლიციის მიერ გამოვლენილი ძალადობით

john-bassაშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა 5 იანვარს განაცხადა, რომ საჭიროა "სერიოზული გამოძიება” იმ, ”როგორც ჩანს, პოლიციის მხრიდან ძალადობრივ” ქმედებებზე, რომელთაც ადგილი ქონდა 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დაშლის დროს და, მეორე მხრივ, უნდა "გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რათა საზოგადოებაში ყველას ესმოდეს ის ძირითადი წესები, რომლებიც ეროვნულ მონუმენტებთან საპროტესტო აქციების ჩატარებას ეხება".

"მე შეწუხებული ვარ პოლიციის მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამ სახის ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში,“ – განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ის "მიესალმება“ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის – გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც ის შეშფოთებას გამოხატავს იმ ქმედებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

"ვიმედოვნებთ და ველით, რომ ეს ბრალდებები სრულად იქნება გამოძიებული, მათ შორის ზედმიწევნით იქნება შესწავლილი ის მასალა, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიციის სავარაუდო ძალადობის კარგ ვიდეომტკიცებულებას წარმოადგენს,“ – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მან უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 400–400 ლარით დაჯარიმდა ის 11 პირი, რომლებიც პოლიციამ აქციის დაშლისას დააკავა. ელჩის თქმით, ეს საქართველოს შიდა კანონმდებლობის საკითხია და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სახალხო დამცველის პრეროგატივა უფროა.

"რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებებს აქვთ სათაყვანებელი ადგილები, რომელთა შესაფერისი პატივისცემაა საჭირო; ამავე დროს, საჭიროა სიტყვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების პატივისცემა, რათა ხალხს პროტესტის გამოხატვისა და შესაბამის ადგილებში აზრის გამოხატვის ლეგიტიმური უფლება ჰქონდეთ,“ – განაცხადა ჯონ ბასმა.

"შეერთებული შტატების შემთხვევაში შეკრების თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, და, რა თქმა უნდა, იმ ეროვნული მონუმენტების ადგილას, რომლებიც პატივს მიაგებენ ომში დაღუპულებს, ხალხს, რომელთაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ გარკვეული შეზღუდვები გვაქვს იმაზე, თუ ვის შეუძლია პროტესტის გამოხატვა და სად; ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პრობლემის ნაწილი შესაძლოა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ იქნა კარგად გაგებული და კარგად ახსნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რათა მათ კარგად გაეგოთ, თუ რა წესები მოქმედებდა გმირთა მოედნის მემორიალთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბასმა.