აქტუალური
კახეთში რთველი–2016–ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

  საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. შტაბის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი მეღვინეებთან ერთად დაესწრო. ოთარ დანელიამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
  „ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს იქნება დაახლოებით ისეთივე რაოდენობის მოსავალი, როგორიც იყო შარშან და დასაბინავებლად ჩვენ უკვე გაზრდილი გვაქვს წარმადობები. შტაბის ფუნქცია არის კოორდინაცია, ჭარბი ყურძნის ჩაბარება, რათა არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 კახეთში ყურძნის მოსავლის მიღებისა და გადამუშავებისთვის უკვე მზად არის 100-მდე ღვინის ქარხანა.  
 სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და მეღვინეები აცხადებენ, რომ ყურძნის ფასებს ბაზარი დაარეგულირებს მას შემდეგ, რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევა. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დახმარებას, სუბსიდიის სახით თითოეულ კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე მევენახეები მიიღებენ 45 თეთრს, ხოლო საფერავზე აღნიშნული დახმარება 20 თეთრი იქნება. 
 კახეთში რთველი დედოფლისწყაროს რაიონიდან დაახლოებით 1 კვირაში დაიწყება და სპეციალისტები რეგიონში 200 000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.