პუბლიკაციები
წინასაარჩევნოდ გამოკვეთილი დარღვევები და ტენდენციები

  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ მიმდინარე პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გამოკვეთილ დარღვევებსა და ტენდენციებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვითარდა და რომლებმაც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ თავისუფალ, მშვიდ  და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

 გამოკვეთილი დარღვევები და ტენდენციები:

1. 19 სექტემბერს  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება 19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით, რომელთაგან 2 წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეო გადაღება, იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები გამოიძახეს და პოლიციამ ვითარება ადგილზე შეისწავლა.

იმავე დღეს, აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სევდია უგრეხელიძემ უპასუხა და კობახიძის განცხადება ცრუ ბრალდებად შეაფასა. სევდია უგრეხელიძემ განაცხადა რომ აღნიშნული პირები შტაბიდან დათხოვნილ წევრებს წარმოადგენდნენ და ქმედების ჩადენის დროისთვის მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდათ.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების, - 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

2. 13 სექტემბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა,  გორში,  შინდისის გზატკეცილზე მდებარე  №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მამუკა ნოზაძემ, პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს, ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.“

დეტალური ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს.