რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მოვუწოდებ ქართველ ემიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადონ თანამემამულეებს რუსეთში!”

  რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ხშირად მეკითხებიან  - ხმა ვის მივცეთო?  “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?” - მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, ხმის მიცემა ვისთვის არ შეიძლება.

 არ მისცეთ ხმა პარტიებს, რომელთა სიებში თქვენთვის უცნობი, ან უარესი - მთელი საქართველოსთვის სავალალოდ ნაცნობი ადამიანები არიან! 8 ოქტომბერი - ერთადერთი დღეა, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რამე გადაწყვიტოთ, ამიტომ ნუ აირჩევთ იმათ, ვინც იძულებული იქნებით, ოთხი წელი ითმინოთ და არჩინოთ, მომდევნო არჩევნებამდე უმწეოდ იწყევლოთ თავბედი! ახალი პარლამენტი ასევე არ იქნება პროფესიონალებისა და პატრიოტების პარლამენტი - იმიტომ რომ ასეთები ყველა პარტიის სიებში - უმცირესობაა. დანარჩენები იქ ან ჩაწყობით მოხვდნენ, ან კერძო ბიზნესის ფულებით, ანდა ინერციით. ამიტომ პარტიებიდან, საარჩევნო ბლოკებიდან და მაჟორიტარი კანდიდატებიდან შედარებით უკეთესები აირჩიეთ. ზუსტად ამ პრინციპით მე ვირჩევ „ქართულ ოცნებას“.

 მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქართველ ემიგრანტებს კი მოვუწოდებ, სოლიდარობა გამოუცხადონ თანამემამულეებს რუსეთში, რომლებიც იქ მუდმივად საცხოვრებლად ან დროებით, სამუშაოდ გაემგზავრნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობაზე, სააკაშვილისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამთ! უკვე მერამდენედ არჩევნების დროს მათ ისევ ართმევენ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ და განუყოფელ უფლებას - ხმის უფლებას! ნუთუ ისევ “მოღალატეებად” მიიჩნევენ, რომლებსაც, ვითომდა, საქართველოში “რუსი ოკუპანტების პოლიტიკის” გატარება აქვთ განზრახული, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს იყო?! თუმცა მაშინაც კი რუსეთში ქართული დიასპორის დიდი ნაწილი ღიად უჭერდა მხარს საქართველოს დამნაშავე, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც მიბჯენით დაცხრილა რუსი მშვიდობისმყოფელები 2008 წლის 8 აგვისტოს...

 ბატონებო ქვეყნის მბრძანებლებო! იყავით  თანმიმდევრულები! ამ ლოგიკით ნებისმიერი ქართველი ემიგრანტი ან საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქე გავლენის აგენტი და იმ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკის გამტარებელია, რომელშიც იმყოფება და რომელმაც დაასაქმა! მაშინ ბოლომდე შეინარჩუნეთ პრინციპულობა - ჩამოართვით ხმა საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარგარეთ - აშშ-სა და თურქეთში, გერმანიასა და საბერძნეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ესპანეთში და ახლო თუ შორეული საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში! ნუ გახსნით ამ ქვეყნებში საარჩევნო უბნებს - ისევე, როგორც უკვე მერვე წელია, არ ხსნით რუსეთში,  ვითომდა, “გარეშე გავლენის” თავიდან ასაცილებლად... დაე, ქართველი ემიგრანტები მთელ მსოფლიოში ერთადერთი ხალხი იყოს ხმის, წარსულისა და სამშობლოს გარეშე!

 აი, რუსეთი კი, სადაც 18 სექტემბერს სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა, არ შეუშინდა საქართველოში საარჩევნო უბნების გახსნას, სადაც აქ მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლეს!

 სამარცხვინოა! დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე  მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ საფრანგეთში დაფრინავდა და ლევილის მამულის საქმეებს აგვარებდა, სადაც ქართველი მენშევიკების საფლავებია, ხოლო მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა - რუსეთში ქართველთა დიასპორა, რომელიც ადრეული შუა საუკუნეებიდან არსებობს - მისთვის, როგორც ჩანს, არარსებულია. ისევე, როგორც ქართველ მეფეთა ნეშტები, რომლებიც რუსეთში განისვენებენ და რომლებსაც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენები უვლიან... მინისტრ დუმბაძის კაბინეტის კედელზე ხომ ძველი რუკა კიდია აშშ-ის საელჩოს საწყობიდან,  სადაც რუსეთის ნაცვლად - ცარიალი, ნესტისაგან გახუნებული ლაქაა, მაგიდაზე კი - ამერიკის ელჩის ნაჩუქარი წუნდებული კომპასი, რომელიც ქვეყნის მხოლოდ სამ მხარეს უჩვენებს, “ჩრდილოეთის” გარეშე. თუმცა, მინისტრი დუმბაძე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქართული დიასპორისთვისაც - ცარიელი ადგილია...

 იქნებ ზედმეტ  ჰიპერბოლიზებას ვახდენ?! იქნებ დიასპორის საქმეთა მინისტრი პაიკია, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციების დარღვევა არ ძალუძს და იძულებულია, მთავრობის საგარეო პოლიტიკის არიერგარდში იჩანჩალოს? მაგრამ განა ეს მთავრობა არ ამაყობს რუსეთთან სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობის აღდგენით?! სად არის ლოგიკა?! რატომ აგრძელებს “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერ ტრადიციას და  საერთოდ - რა შუაშია აქ პოლიტიკა, როდესაც ლაპარაკია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებებზე?!

 და რატომ დუმან სხვა დროს ნებისმიერი საბაბით “უკომპრომისო და გამჭვირვალე” ცნობილი ქართველი “უფლებადამცველები”, იურისტთა, ადვოკატთა ასოციაციები და სხვა არასამთავრობო გრანტიჭამიები?! თუკი ჩვენ, ქართველები, ერთმანეთს “პრორუსებად” და “პროამერიკელებად” ვყოფთ, როგორღა ვაპირებთ აფხაზებთან, ოსებთან გაერთიანებას და დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რის შესახებაც გამუდმებით შეგვახსენებს ბიძინა ივანიშვილი?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 28 სექტემბერი
საქართველო, თბილისი