აქტუალური
გუშაგმა იმოქმედა წესდების შესაბამისად – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „2016 წლის 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და ესროლეს ცეცხლმაქრი. გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა აგრესია იყო მაღალი რისკის, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

 სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

 გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“.