აქტუალური
კობა გვენეტაძე: საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ასეთ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 „ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ არ ვაკეთებთ პროგნოზს. ჩემგან პროგნოზთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ გაგიგიათ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მცურავი კურსის შემთხვევაში პროგნოზი შეუძლებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 კითხვაზე, მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს ეროვნული ბანკის სტრატეგია.

 "ყველა ინტერვენციას ჰქონდა თავისი მიზეზი და ამასთან დაკავშირებით განმარტებებიც გაკეთდა", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 მისი თქმით, ონლაინ სესხების კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

 "როდესაც კანონპროექტი მომზადდება, იქ იქნება გაწერილი ყველა დეტალი. დიდი ალბათობით, ბევრი მათგანი, შესაძლოა, გადაკეთდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ კანონპროექტს”, - განაცხადა გვენეტაძემ.