რელიგია
უწმინდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა.

 პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმიდესს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყოველდღიური მხურვალე ლოცვისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ქართული შეიარაღებული ძალები გრძნობს თქვენგან. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ, ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს რწმენა აძლიერებს ქართველ ჯარისკაცს. ჩვენთან თითქმის ყველა დანაყოფშია ეკლესია, რომელიც უშუალოდ ჯარისკაცების ენერგიით, შრომით არის შექმნილი. ეკლესია გვაქვს ავღანეთშიც, რომელიც ასევე ჩვენი ჯარისკაცების მიერ არის აშენებული. თითოეული დანაყოფი, რომელიც იქ ექვს თვეში ერთხელ ჩადის, რაღაც ახალს სძენს ამ ეკლესიას, პირველ რიგში კი, თავად იძენს სულიერ სიმტკიცესა და რწმენას. ჩემთვის და ჩვენი ჯარისთვის, თქვენს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერის გაერთიანებისთვის, ქართული საქმისთვის, ქვეყნის მთლიანობისთვის“. - განაცხადა ლევან იზორიამ.

 ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უწმინდესს ახლადდანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნთან ერთად დასახული მიზნების განხორციელებას დაჰპირდა. ჩვენ აქ, თქვენთან მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართული მისწრაფება. არსებობს ქართული გამოთქმა, „ერი და ბერი“, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ ჩვენი მაგალითით, „ერის და ბერის“ ერთად დგომით, იმ დიდი სახელმწიფო მიზნებისკენ ერთად მივისწრაფოდეთ და მივაღწიოთ იმ სასურველ მიზნებს, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. თქვენ, ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ბრძანდებით. თქვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს. თქვენი ლოცვა-კურთხევით გავაგრძელებთ იმ მართალ საქმეს, რომელიც დაწყებულია. მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო, ახლა დამტკიცდა ახალი მთავრობა და ჩვენ, როგორც ერთი გუნდი, გავაძლიერებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ეკლესიასთან. ჩვენ, ასევე გვყავს სხვა მრწამსის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ შეიარაღებულ ძალებში და მათთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული“. - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, უწმინდესის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის. ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი“.- განაცხადა უწმინდესმა.

 ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.