აქტუალური
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა რუსეთს ამერიკისთვის №1 საფრთხე უწოდა

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. “რუსეთი ამერიკისთვის №1 საფრთხეა. ჩვენ უამრავ საფრთხეზე ვმუშაობთ, მგრამ ბირთვული ასპექტის გამო რუსეთი, შესაძლოა, აშშ-სთვის რეალური საფრთხე აღმოჩნდეს”, - განუცხადა დებორა ლი ჯეიმსმა სააგენტო “როიტერს” რეიგანის სახელობის ეროვნული თავდაცვის ყოველწლიურ ფორუმზე კალიფორნიაში.

 თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფრენკ კენდალმა განაცხადა, რომ თუკი ადრე აშშ-ის პოლიტიკა მიმართული იყო საფრთხეებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში, ახლა ის უფრო რუსეთზეა ფოკუსირებული. “მათი ქცევის გამო მოგვიხდა, შესაძლებლობათა ბალანსისთვის გადაგვეხედა, რომლებიც დაგვჭირდება”, - განაცხადა კენდალმა.

 აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა კი რუსეთის მიზნად ნატოსთან დაპირისპირება, მისი რეპუტაციის შელახვა და მსოფლიოში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გავლენის შეზღუდვა დაასახელა. “ისინი ხშირად ისეთ ადგილებში მოქმედებენ, რომლებიც ჩვენ ათწლეულებია, არ გვინახავს”, - ციტირებს დანფორდს “როიტერი”.