სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები ესტუმრნენ

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს ახმეტის რაიონის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. ვიზიტის ფარგლებში მოზარდები ახალწვეულთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას დაესწრნენ. მათთვის ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.