აქტუალური
NDI-ს ბოლო გამოკითხვამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთთან მეგობრობის მომხრეა

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი გუშინ იუწყებოდა, 2016 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა კვლევითი რესურსების კავკასიური ცენტრის (CRRC) მიერ აშშ-ის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული გამოკვლევის მონაცემები. გამოკვლევა ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 141 რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის წესით. ცდომილებამ +/-1,8% შეადგინა. კვლევა შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

  გამოკვლევის ნაწილი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება, ერთმნიშვნელოვანად ადასტურებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის “უალტერნატივო” ევროატლანტიკური კურსის კორექციას - საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობაზე გადატანას უჭერს მხარს.

  გამოკითხვის შედეგის თანახმად, 6 პუნქტით (2016 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით)54%-მდე გაიზარდა საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრეთა რიცხვი, რომლებიც ამასთან მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

  ამას მიუმატეთ გამოკითხულთა 18%, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს და ამასთან შენარჩუნებული იქნეს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან.

  ამავე დროს, 3 პუნქტით (2016 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით) 9%-მდე გაიზარდა ერთმნიშვნელოვნად პრორუსულად განწყობილთა რაოდენობა. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრეთა რიცხვი 1%-ით შემცირდა (2016 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით) - ასეთები მხოლოდ 12%-ია, ხოლო 7%-ს ამ შეკითხვაზე”პასუხის გაცემა გაუჭირდა”.

  აქვე, NDI-ს ეშმაკურად ჩამოყალიბებულ შეკითხვაზე - რომელი საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან მიიღებს საქართველო მეტ სარგებელს? - საქართველოს მცხოვრებთა 31%-მა (30% 2016 წლის ივნისში) აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების გულისთვის.

  ამასთან, 53% (საინტერესოა, რომ 2016 წლის ივნისის მონაცემიც 53%-ია) მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მეტ სარგებელს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღებს. და იქვე - არცერთ აზრს არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, 9%-ის პასუხია “არ ვიცი” და 1%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რაც ჯამში შეადგენს 17%-ს იმ “ჩამოუყალიბებელი”, უფრო ზუსტად - ფრთხილი რესპონდენტების, რომლებიც გულში საქართველოს პრორუსული კურსისკენ იხრებიან, რომელიც ოფიციალურისგან განსხვავდება, წინა ხელისუფლების დროს კი, შესაძლოა, რეპრესიების და წამების მიზეზი გამხდარიყო.