რელიგია
სინოდის წევრის სკანდალური განცხადება

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. პატრიარქის გარემოცვას იშორებენ და მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ ყველა იმ პირზე, ვინც კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორის გარემოცვად ითვლება.

  ამ შინაარსით იწყება წერილი, რომელიც სინოდის ერთ-ერთი წევრისგან „პირველი - ნიუს საქართველომ“ საპატრიარქოდან მიიღო. მეუფის თხოვნით, მის ვინაობას რედაქცია ანონიმურად ტოვებს.

  წერილში დეტალურად არის ახსნილი რა ხდება საპატრიარქოში, იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის მოწამვლა.

  დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. პარალელურად, იგი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორიც იყო. დეკანოზი ბათუმის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო, მოგვიანებით, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთ-ერთ საგანს ასწავლიდა. ამის პარალელურად მსახურობდა, ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარში. დეკანოზი მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის, პატრიარქის ძმიშვილის ახლო მეგობარია, თავის დროზე მისი რეკომენდაციით მოხდა მამალაძის საპატრიარქოში გადაბარგება. პატრიარქის გარემოცვაში ნდობით აღჭურვილი ადამიანია საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქს პირდაპირი მნიშვნელობით არ აკარებს არცერთ მეუფეს, ილია მეორეს ნებართვის გარეშე. ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძეა, პატრიარქის ძმიშვილისშვილის ქმარი.

  როგორც მამალაძე ასევე ოხანაშვილი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის დიდი ნდობით სარგებლობდნენ. როგორც ცნობილია, პატრიარქიც და მისი გარემოცვაც სწორედ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მოიაზრებს მომავალ პატრიარქად.

  სინოდის ერთ-ერთი წევრი წერილში აღნიშნავს, რომ პატრიარქის გარემოცვიდან ორი მნიშვნელოვანი ფიგურის ჩამოშორება, ქორეპისკოპოს, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს ნახელავია. მეუფე იაკობს სურს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავოს და ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლების დახმარებით, პატრიარქის და მეუფე დიმიტრის გარემოცვის ჩამოშორება დაიწყო. იაკობ იაკობაშვილის მხარეზე გადავიდა რამდენიმე მიტროპოლიტი, მათ შორის ისინი ვინც ადრე შიოლაშვილის მხარს იჭერდა. ამასთან წერილში აღნიშნულია, რომ ქორეპისკოპოსის გაპატრიარქებას მხარს რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიაც უჭერს.

  წერილში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არსებობს პატრიარქის ილია მეორის ანდერძი სადაც მის შემცვლელად დასახელებულია, მისი ძმიშვილი. კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. - წერია იმ წერილში, რომელიც „პირველი ნიუს - საქართველომ“ სინოდის ერთ-ერთი წევრისგან მიიღო.

  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა მიმდინარე მოვლენებზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

  "გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ," - განუცხადა რუსთავი 2-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.

  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოსებ ოხანაშვილს, ის ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

  შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

  პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.