საზოგადოება
ციანიდის საქმე სხვა მიმართულებას იძენს…

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქის ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა.

  „მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა კითხეს, რომ "შეიძლებაო, ეს პირი იყოსო ილია მეორეო?" და მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ - არა, მე არსად არ მიხსენებია, რომ ეს არის პატრიარქიო, და მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს“, - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა  ნათია სუხიაშვილმა.

  საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების თემაზე ბრიფინგი 13 თებერვალს გამართა.

  მის კვალდაკვალ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და მედიამ დაადასტურეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაცია, რომ ამჟამად საპატიმროში მყოფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის  ხელმძღვანელი ბერლინში გაფრენას აპირებდა, ოპერაციაგადატანილ ილია მეორესთან, რათა იგი ნატრიუმის ციანიდით მოეწამლა, რომელიც მისი ბარგის საიდუმლო სამალავში აღმოაჩინეს. გამოძიება დაიწყო 2 თებერვალს განმცხადებლის – ნათესავის, მეგობრის, ჟურნალისტისა და დეკანოზ მამალაძის მოგვარე – ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე.