რედაქტორისგან
სირია და საქართველო: ორი ქვეყანა - ერთი განსაცდელი - ერთი გამარჯვება (საქინფორმი)

   რა შეიძლება იყოს საერთო სირიასა და საქართველოს შორის? - გაიფიქრებს მკითხველი, ამ პუბლიკაციის სათაურს რომ წაიკითხავს, - ალბათ, მარტო ის, რომ ორივე აღმოსავლეთის უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. და მართალი მხოლოდ ნაწილობრივ იქნება, ვინაიდან, მიუხედავად სირიასა და საქართველოს შორის არსებული ყველა გეოპოლიტიკური, რასობრივი და კულტურული განსხვავებისა, თანამედროვე მსოფლიოში მათ ერთნაირი მწარე ბედი აქვთ.

თავისი ბუნებრივი სიმდიდრეების (სირიული ნავთობი, ქართული წყალი) და საკუთარ რეგიონებში გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო სირია და საქართველო კოლექტიური დასავლეთის (აშშ-ის მეთაურობით) სანატრელ ობიექტად იქცნენ.

მაგრამ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები, რომელმაც ამ "გემრიელი ლუკმებისაგან" ევროკავშირის ქვეყნებიც კი გვერდზე გააჩოჩა, სირიასა და საქართველოში ოდითგანვე მყოფი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეეჯახა.

"ფერადი რევოლუციების" და "არაბული გაზაფხულის" მოწყობის ნაცადი მეთოდებით აშშ-მა სირიიდან და საქართველოდან რუსეთის საბოლოოდ განდევნა ვერ შეძლო, მაგრამ ამ ქვეყნების დაშლა ერთმანეთზე გადამტერებულ ნაწილებად კი მშვენივრად მოახერხა. სირიამაც და საქართველომაც დღეს სახელმწიფო სუვერენიტეტი დაკარგეს, მათი ტერიტორიის ნაწილს აშშ აკონტროლებს, ნაწილს - რუსეთი, რომელმაც იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა (სირიაში - ტარტუსსა და ლატაკიაში, ხოლო საქართველოში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).

მაგრამ რუსეთი ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იზიდავს საქართველოსა და სირიის მოსახლეობის დიდ ნაწილს არა მხოლოდ იქ, სადაც რუსული ბაზები დგას, არამედ ამერიკელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც. ამიტომ კოლექტიურ დასავლეთს აშშ-ის მეთაურობით გამუდმებით უწევს ამ ორ ქვეყანაში კონტროლირებადი მედიის და ე.წ. "სამოქალაქო სექტორის" მეშვეობით ჰიბრიდული ომების და ტყუილსა და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული ტოტალური პროპაგანდის წარმოება. სირიელმა და ქართველმა ხალხმა ხომ თვალის ახელა, ergo თავისი გუშინდელი დასავლეთელი "მეგობრების" შეძულება დაიწყო, რომლებიც ტანკებითა და რაკეტებით თავს ახვევდნენ "დემოკრატიას", რუსეთის მზარდი პოპულარობის და ანტიდასავლური განწყობის დაშვება სირიასა და საქართველოში კი არაფრით შეიძლება!

მაგალითებისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, მათ ნებისმიერი დიასახლისი ჩამოგითვლით, მხოლოდ ბოლო ორს მოგიყვანთ:

სირია - პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოწონებული ლეგენდის თანახმად, პრეზიდენტ ასადის კანონიერმა მთავრობამ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, იდლიბში საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამიტომ "მშვიდობისა და დემოკრატიის საყრდენი" აშშ იძულებული გახდა, სარაკეტო დარტყმა მიეყენებინა აშ-შაირათის სამხედრო ავიაბაზისთვის;

საქართველო - უზენაესი სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთის ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტული იარაღი - ტელეკომპანია "რუსთავი-2" - კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, დასავლეთმა შეაფასა, როგორც "სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის უხეშად ფეხქვეშ გათელვა", რასაც გასულ კვირას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმაც კი აღშფოთებით გაუსვა ხაზი თავის ყოველწლიურ ანგარიშში.

და, ამასთანავე, გასულ კვირას დასავლეთის აგენტებმა “სამოქალაქო სექტორის” სახით (სოროსის, მარშალის ფონდების და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფონდ CSSF-ის. აგრეთვე USAID, IRI და NDI-ს მიერ შექმნილი ადგილობრივი არასამთავრობოები),  საქართველოს პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი “ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ზემოაღნიშნული “სამოქალაქო სექტორის” მიერ “რუსულ ნარატივში მხილებული” მედიასაშუალებების, ანუ - “კრემლის რბილი ძალის” დახურვას (როგორ, ვინ და რატომ შექმნა მითი რუსულ პროპაგანდაზე საქართველოში,  დაწვრილებით აქ წაიკითხეთ).

არსებობს თუ არა ხსნა ამ განსაცდელისაგან, რომელშიც ქართველი და სირიელი ხალხები აღმოჩნდნენ? არსებობს, და 6 წლის განმავლობაში სისხლისაგან დაცლილი სირია დღეს, როგორც ჩანს, ამ გზას ადგება!

ამ გზით, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ, უნდა წავიდეს გათითოკაცებული და დანაწევრებული საქართველოც, რომელიც, როგორც სირია 2011 წელს, ახლა სამოქალაქო ომის ზღურბლზე დგას ხელისუფლების მიერ გამოცხადებული “უალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის” წყალობით. სირიისა და საქართველოსთვის საერთო პარადიგმა - “სოციალური გამოუვალობა-მთავრობის შეცდომები-სამოქალაქო პროტესტი-ძალადობრივი აქციები-დამნაშავეობის თარეში-უკანონო შეიარაღებული ფორმირებები-ომი” - ხომ საქართველოში ჯერაც ცოცხლად გვახსოვს და, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია...

 

“სირიის სახალხო ფრონტი”

საზოგადოებრივი თანხმობა - აი, რა არ არის დღეს სირიასა და საქართველოში, აი, რას უნდა მიაღწიონ ამ ორი ქვეყნის ხალხებმა, რათა გადარჩნენ და კოლექტიური დასავლეთისაგან დამოუკიდებლები გახდნენ!

სირია - ძმათამკვლელი ომის 6 წელი, 220 ათასზე მეტი დაღუპული, 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც ასობით დაიხრჩვნენ ხმელთაშუა ზღვაში, დანგრეული ქალაქები და მსოფლიო კულტურის ძეგლები. ამ ყველაფრის დაბრუნება შეუძლებელია...

საქართველო - ძმათამკვლელი ომები აფხაზეთსა და სამაჩაბ;ოში, დაახლოებით 400 ათასი დევნილი და ათასობით დაღუპული, მათ შორის - სვანეთის მთებში საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე გაყინულები, 20 %  დაკარგული ტერიტორია...

მერე კი დაპირისპირებულმა მხარეებმა - სირიიდან და საქართველოდან - ჟენევაში შეხვედრებზე დაიწყეს სიარული, რათა პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან მოეგვარებინათ. მაგრამ ჟენევის ფორმატმა, მთელი მისი პოზიტიურობის მიუხედავად, სირიაში და საქართველოში შერიგება ვერ მოიტანა ორივე მხარის გამუდმებული პროვოკაციების, ამბიციების და რეალური კონსენსუსის მიღწევის სურვილის უქონლობის გამო, აგრეთვე, არასაკმარისად აქტიური მედიატორობის გამოც (გაეროსი - ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე სირიის საკითხზე - ე.წ. “ჟენევა-3”; გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს, აშშ-ის და რუსეთის - ჟენევის მოლაპარაკებაზე კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე).

გაცილებით უფრო შედეგიანი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკება სირიის საკითხზე ასტანაში, რუსეთის, ირანისა და თურქეთის შუამავლობით.

და მაშინ ომისა და დაპირისპირებისაგან საშინლად დაქანცული უბრალო სირიელები მიხვდნენ, რომ საქმეს თვითონ უნდა მიხედონ - სირიელმა ხალხმა, ყველა მისმა არაფორმალურმა ლიდერმა, და არა მხოლოდ ხელისუფლებამ! ამისათვის, სირიელი ხალხის ინიციატივით, დღეს სირიაში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “სირიის სახალხო ფრონტია” შექმნილი.

თავის მიზნებად “ფრონტმა” გამოაცხადა ქვეყანაში მშვიდობის დამყარება სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფართო საზოგადოებრივი დიალოგის საფუძველზე.

აუცილებელ პირობად დასახელებულია ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება არსებულ საზღვრებში, სირიის ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინება და, რაღა თქმა უნდა, ტერორიზმის ლიკვიდაცია, რაც მთლიანად ემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას №2254.

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში შესვლისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს “სირიის თავისუფალმა არმიამ”, შეიარაღებულმა ოპოზიციამ “ჯეიშ ალ-ისლამმა”, საპარლამენტო ოპოზიციამ, მმართველი წრეების წარმომადგენლებმა, სირიის სოციალ-დემოკრატიულმა და ახალგაზრდულმა პარტიებმა, ძირითადი ქრისტიანული და მუსლიმანური თემების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საექსპერტო საზოგადოებებმა და ბედუინთა ტომების ბელადებმა. “სირიის სახალხო ფრონტთან” გაერთიანების სურვილი გამოთქვა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმაც.

და თუკი სირიის საზოგადოებრივი, ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ძალების გაერთიანება “სირიის სახალხო ფრონტის” ეგიდით მართლა მოხდება, ეს, 2011 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებისთვის - უფრო საშინელი, ვიდრე ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ძალები, ერთად აღებული.

 

“საქართველოს სახალხო ფრონტი”

რაც უფრო ადრე მიხვდება და გააკეთებს ქართველი ხალხი იმას, რასაც დღეს სირიელი ხალხი აკეთებს, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის. იმისათვის, რომ ქართველი საზოგადოების შიგნით, აგრეთვე აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო შერიგების პროცესი დაიწყოს, იმისათვის, რომ დღეს ევროპის კოლონიად და ამერიკის პროტექტორატად გადაქცეული ქვეყნის შემდგომი ძარცვა და დანაწევრება შეჩერდეს, აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს სახალხო ფრონტი”.

თავის მიზნებად “საქართველოს სახალხო ფრონტმა” უნდა გამოაცხადოს ქვეყანაში მშვიდობის დამყარება სხვადასხვა პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ფართო საზოგადოებრივი დიალოგის საფუძველზე, ბუნებრივია, “ქართული ისლამური სახელმწიფოს” - სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების გარეშე.

აუცილებელ პირობად უნდა გამოცხადდეს საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება მისი ნებისმიერი ეროვნების ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაცია.

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ რეალური ლიდერები - ქართველ ხალხში ავტორიტეტის მქონე პატრიოტები: მმართველი წრეების ცალკეული წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მთავრობიდან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ეროვნული  უმცირესობების წარმომადგენლები, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და საზოგადოებრივი ლიდერები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმის, უზადო რეპუტაციისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დიდი პატივისცემით სარგებლობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

“საქართველოს სახალხო ფრონტის” შემადგენლობაში სასურველია აფხაზებისა და ოსების მოწვევა - არაფორმალური ლიდერების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეების, უხუცესებისა და ახალგაზრდობის. თუ მათთან თანხმობა და დიალოგი გვსურს, მრავალეროვან საქართველოში რუსული აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მეორე სახელმწიფო ენად, როგორც გასულ კვირას სირიაში გააკეთა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა.

“საქართველოს სახალხო ფრონტი” უნდა გახდეს ზესამთავრობო ძალა, რომელსაც განსაკუთრებული, ქართველი ხალხისაგან მიღებული ლეგიტიმაცია, მაშასადამე - ძალაუფლების ბერკეტები ექნება. ამიტომ ის უფლებამოსილი იქნება, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში რუსეთი ქართულ-აფხაზურ-ოსურ მოლაპარაკებას მოაწყობს, როგორც სირიელებისთვის გააკეთა ასტანაში.

და თუკი ქართული პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეთნიკური და რელიგიური ძალების კონსენსუსი “საქართველოს სახალხო ფრონტის” ეგიდით მართლაც მოხდება, ის საქართველოში ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა კოლექტიური დასავლეთისათვის აშშ-ის ხელმძღვანელობით, რომლის მცდელობები, აქ თავისი დასავლური ლგბტ-ფასეულობები, „დემოკრატია“ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაამკვიდროს, სრულ და საბოლოო ფიასკოს განიცდის!

ქართული საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი
2017 წლის 25 აპრილი
საქართველო, თბილისი

 

* ჰიბრიდული ომი (ინგლ. hybrid warfare) - მტრული მოქმედების სახეობა, რომლის დროსაც თავდამსხმელი მხარე კლასიკურ სამხედრო შეჭრას არ მიმართავს, არამედ თავის ოპონენტს ფარული ოპერაციების, დივერსიების, კიბერ ომის ერთობლიობის გამოყენებით თრგუნავს, აგრეთვე მხარდაჭერას უწევს აჯანყებულებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედებენ.