აქტუალური
საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა ბერლინში

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. კონფერენციის მეორე დღე ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმო.

მედიასთან ისაუბრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

„კონფერენციის ეს ნაწილი უკვე ძირითადად დაეთმო აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას. მთავრობის ნაწილში კონსტიტუციური ცვლილებებით არის შემოთავაზებული ახალი რეგულაციები, რომლითაც პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები მთავრობასთან მიმართებაში არის გაძლიერებული, სრულიად ახალი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი არის ჩამოყალიბებული. სასამართლოს ნაწილში არის დამატებითი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეს აისახება შეუცვლელობის პრინციპის დამკვიდრებაში, იმ პრინციპის დამკვიდრებაში, რომ რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეს, როგორც ეს ადრე მომხდარა, ვერ გაუშვებენ სახლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის გამოყოფა ხდება იუსტიციის სამინისტროდან“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.