თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი, მრავალფუნქციური კომპლექსი „პირიმზე“ მარტამდე არ გაიხსნება. სააქციო საზოგადოება „პირიმზის“ თავმჯდომარის განცხადებით, ობიექტის გახსნა თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები გაჭიანურდა.
აღსანიშნავია, რომ ს/ს „პირიმზეს“ ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავაა. იგი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ერეკლე კოდუას და ავიაკომპანია „საქართველოს ნაციონალური ავიახაზების“ პრეზიდენტის - გიორგი კოდუას დედაა. მისი განცხადებით, იგი მხოლოდ აქციების 36%-ს ფლობს. შენობის ორი სართული კი მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილებაა. კოდუების დედის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი „ლილო-სიტიც“. მან ტერმინალ „ოპიზას“ გვერდით ლილოს ბაზრობის მსგავსი ახალი სავაჭრო ცენტრი შექმნა, რომელსაც ჩინელ ინვესტორებთან ერთად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აამოქმედებს.