უცხოეთი
თეთრი სახლის პრესამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთის სანქციებზე პოზიცია შეცდომით გაავრცელა

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას განმარტავდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სკარამუჩიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ღირს თუ არა რუსეთის სანქციების შესახებ ახალი კანონის ხელმოწერა. ამასთან, გუშინ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს.

ამის გამო, ჟურნალისტებმა სკარამუჩის ჰკითხეს, ამ ორი განცხადებიდან რომელი შეესაბამება სინამდვილეს. „მე შემეშალა. მიჰყევით იმ განცხადებას, რომელიც სარამ გააკეთა. ჩემთვის ეს ახალი ინფორმაციაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.  

ენტონი სკარამუჩი ამ თანამდებობაზე 21 ივლისს დანიშნეს. ამის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა.  

აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურ ვებგვერდზე ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი გამოაქვეყნა. კანონპროექტზე კენჭისყრა 25 ივლისს იგეგმება.