აქტუალური
ადა მარშანიას მოსკოვში პარტიულ ვიზიტზე ლაპარაკის საშუალება არ მისცეს...

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე არ მოუსმინეს. მარშანიამ სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ვლადიმერ პუტინის „ედინაია როსიას“ და კომუნისტური პარტიის დეპუტატებთან შეხვედრის დეტალებზე დაიწყო ლაპარაკი.

 „მათ აწუხებთ ეს ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ და ისიც აღნიშნეს, რომ აქტივობა ნატოს მიმართულებით არის გაზრდილი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან შედარებით. ისიც შეგვახსენეს, რომ ახლახანს თბილისში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა...“, - განაცხადა მან.

 მარშანიას სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა.

 „საპარლამენტო ვიზიტის ანგარიშს ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიული ვიზიტის ანგარიშს არ ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიულ ვიზიტებზე საუბრობენ ღია ბრიფინგით, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა ადა მარშანიამ არ მიიღო და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის საკითხისადმი ფორმალური მიდგომა მიუღებელია. მისი აზრით, რუს დეპუტატებთან დუმაში ვიზიტის განხილვა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.