რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

    საქართველო 30 აგვისტო, საქინფორმი. მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან; ამ სიწმიდეთაგან ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა შესანახად. ასე აღმოჩნდა ზუგდიდის მუზეუმის საცავში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც, სავარაუდოდ, (ყველაზე გვიანდელი ვერსიით) კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ საქართველოში, კერძოდ კი სადადიანოში. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმიდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.
1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა; 1923 წელს კი ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.
ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის  ფასად   ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე.
დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის  გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს.
ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.
შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა  ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია. აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღსრულდეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ…“(ფს. 54. 23)წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან  ამბორსუყვეს.“(ფს. 84,11).