რელიგია
მერიკის შეერთებულ შტატებში პატივი მიაგეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მცველის ხსოვნას

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. 2017 წლის 29 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე საზღვარგარეთის რუსულმა ეკლესიამ აღნიშნა მონრეალის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მცველის, იოსებ მუნიოს-კორტესის გარდაცვალების დღე.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან ათასობით მორწმუნე შეიკრიბა მთავარ მონასტერში, – ჯორდანვილის (ნიუ-იორკი) ყოვლადწმიდა სამების სავანეში.
მონასტრის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია 20 წლის წინ ათენში მოკლული ძმა იოსები, მორწმუნეებმა დაანთეს სანთლები და გადაიხადეს პანაშვიდი.
მლოცველთა შორის იყო იოსებ მუნიოს-კორტესის და, ანჟელა მუნიოს-კორტესი, რომელმაც გაიხსენა 1982 წლის ოქტომბერში როგორ დაიწყო მირონდენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა.
„ეს მოხდა ღამით. იოსებს გაეღვიძა მძაფრი სუნისგან, მაგრამ არ იცოდა, რა იყო ეს. იფიქრა, რომ მისმა მეგობარმა, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა, ასხურა ხატს სუნამო, მითუმეტეს, რომ შენიშნა ზეთოვანი ლაქები. იოსებმა გაწმინდა ხატი, მაგრამ იგი ისევ დაიცვარა და სურნელება ამოიფრქვა. ჩემი ძმა მიხვდა, რომ ეს იყო მირონი”, – აღნიშნა ქ-ნმა ანჟელამ.
1982 წელს, ათონის წმიდა მთაზე ყოფნისას, იოსებმა ნახა ახლადდაწერილი ეს ხატი და წინამძღვარს შეევედრა, ნებისმიერი თანხის ფასად დაეთმო იგი მისთვის. მან თავიდან კატეგორიული უარი განუცხადა, მაგრამ იოსები ისე მხურვალედ ლოცულობდა და ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ უფალმა ისმინა მისი და გამთენიისას, როდესაც იგი ტოვებდა კელიას და უკან, აშშ-ში, ბრუნდებოდა, კიბეზე ჩამომავალი წინამძღვარის ხმა შემოესმა. მან უთხრა: ,,მთელი ღამე ვერ მოვისვენე, მივხვდი, რომ ხატს შენთან ყოფნა ურჩევნია, წააბრძანე, საჩუქრად გაძლევთ და კარგად მოუარეო”.
იოსების სიხარულს საზღვარი არ ქონდა. იგი თავის სახლში ყოველდღე კითხულობდა ლოცვებს, იხდიდა პარაკლისს ხატის წინაშე და ერისკაცის დონეზე მსახურებას არ აკლებდა. და აი, რამდენიმე თვეში ხატი მირონმდინარე გახდა და 15 წლის მანძილზე ეს სასწაული არ გაჩერებულა.
როგორც აღვნიშნეთ ათონის მთაზე ხატთან ერთად მიმავალი ძმა იოსები გამორჩეული სისასტიკით მოკლეს 1997 წლის 31 ოქტომბერს ათენში; მაშინ გაუჩინარდა ხატიც, რომელიც გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მეგობრებს გადასცა და შემდეგ გაქრა. მორწმუნეები იმედოვნებენ, რომ ხატი დაბრუნდა ათონის მთაზე.
მონრეალის ღვთისმშობლის ხატის გაუჩინარებიდან 10 წლის შემდეგ, 2007 წელს, ჰავაიზე მირონდენა დაიწყო მისმა მცირე ასლმა, – ჰავაის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ეს სასწაული დღემდე გრძელდება.
ძმა იოსების ხსოვნის დღეს გამობრძანებული იყო სწორედ ჰავაის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, როგორც მონრეალის ივერიის ღვთისმშობლის ასლი და მისი მადლმოსილების გამგრძელებელი.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის და მისი სასწაულთმოქმედი ასლების მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს.
იოსებ მუნიოს-კორტესის გარდაცვალების დღე 31 ოქტომბერია. ვრცელდება ინფორმცია, რომ მზადდება მასალები ახლო მომავალში მისი წმინდანად აღიარების შესახებ.