აქტუალური
აშშ-მა საქართველო „რუსულ ჰიბრიდულ ომთან“ ბრძოლისთვის დააფინანსა

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. „დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და, განსაკუთრებით, რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რის შესახებაც დღეს საქინფორმი იუწყება.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში, ასევერეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა, გვამცნობს საზოგადოებრივი მაუწყებელი.