რელიგია
სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი - ფეხთბანვა შესრულდა.
დიდ ხუთშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 12 მღვდელს სიმბოლურად ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.
დიდი ხუთშაბათის არსი იმის ჩვენებაა, რამდენად არის ადამიანი მზად, იყოს შემწყნარებელი, გულწრფელი და თანამგრძნობი სხვა ადამიანების მიმართ. ვნების ხუთშაბათი - მარხვის ყველაზე მკაცრი ნაწილის დასაწყისია, რომელიც აღდგომამდე გაგრძელდება. წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას 8 აპრილს აღნიშნავს.
დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდები წაიკითხეს. მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომლებიც შემდეგ სახლში მიაქვთ.