10 თებერვლიდან 15 მარტამდე საქართველოში ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დარიგდება. ამ პროცესს კოორდინაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო (სმს) გაუწევს.
როგორც სმს–ში განმარტავენ, 20-ლარიან ვაუჩერებს დაკეტილ ბინებში არ მიიტანენ. კერძოდ, მას მხოლოდ ის აბონენტები მიიღებენ, რომლებსაც 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის გაზაფხულამდე, კონკრეტულ 6-თვიან პერიოდში 200 კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია აქვთ დახარჯული. მაგალითად, ვაუჩერს ვერ მიიღებს ის აბონენტი, რომელსაც 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 აპრილამდე 200 კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია არ ექნება მოხმარებული.
“რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, შესაძლოა, მათ 6-თვიან პერიოდში 200 კილოვატ/საათზე ნაკლები ელექტროენერგია ჰქონდეთ დახარჯული. ამიტომაც მათზე ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს. თუ ისინი ვაუჩერს მაინც ვერ მიიღებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს (91 00 46) უნდა დაუკავშირდნენ. მონაცემთა ბაზაში, კონკრეტული პირის არსებობის შემთხვევაში, მას ვაუჩერს დაუყოვნებლივ გადასცემენ. თუ პირი მონაცემთა ბაზაში ტექნიკური მიზეზით იქნება გამორჩენილი, მას ამ ბაზაში სათანადო მონაცემების გადამოწმებისას შეიყვანენ და ვაუჩერს გადასცემენ”, – განაცხადეს სააგენტოში.
იმისათვის, რომ აბონენტმა ვაუჩერი მეორე აბონენტს აჩუქოს, მან პირადობის მოწმობით “თელასს” უნდა მიმართოს და კონკრეტული აბონენტების ნომერზე 20-ლარიანი ვაუჩერის ჩუქების სურვილი ხელმოწერით დაადასტუროს. შესაბამისი პირის ქვითარზე ეს თანხა ავტომატურად დაირიცხება.