სამართალი
შოაიფ ბორზიევს დაკავებისას ხელში სასროლად გამზადებული იარაღი ეკავა

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული შოაიფ ბორზიევის დაკავების ოპერაციაზე სასამართლოს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მიაწოდეს.
პროცესზე სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ის სამი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც 2017 წლის 21 ნოემბერს შოაიფ ბორზიევი თბილისში დააკავეს.
საქმის პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დახურულ პროცესზე სუს-ის თანამშრომლები მოყვნენ, თუ როგორ მოხდა ბორზიევის დაკავება. ასევე განაცხადეს, რომ მას ამოუღეს გლოკის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა თქვეს, რომ ბორზიევი ემუქრებოდა, წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს და იარაღი სასროლად მზადყოფნაში ჰქონდა.
ასევე, ბრალდების მხარის მტკიცებით, პროცესზე დაკითხულმა კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ეხება თურქეთიდან ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას.
მოწმეების ჩვენებებზე დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას ვერც დღეს წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ.
ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატის მარი კუბლაშვილის თქმით, მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ბრალდებულ შოაიფ ბორზიევის უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება არ მომხდარა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც სუს-ის თანამშრომლები დღეს ლაპარაკობდნენ. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ადასტურებს, რომ ბორზიევს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, მისი თქმით, ამ იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებდა.
ტერორიზმის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 აპრილს გაიმართება.
ამ საქმეზე გამოძიება ორ პირს - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ხოლო ოთხს ტერორიზმის მხარდაჭერას და ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულთაგან ერთი - რუსლან შავაძე მიმალვაშია.