უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათ რიგებს რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდა.
როგორც ერევანში აქციაზე მყოფი მოძრაობა „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრები ამბობენ, მათ რიგებს უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები – „აყვავებული სომხეთი“, „მემკვიდრეობა“, „რესპუბლიკა“, „განათლებული სომხეთი“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და „სომხეთის ნაციონალური კონგრესი“.
„ჩვენმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ეს უნდა გააცნობიეროს მმართველმა პარტიამ, რომელიც მარტო დარჩა და ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს “ – განაცხადა მოძრაობა „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა ალენ სიმონიანმა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ყოფილი პრემიერის, სერჟ სარგსიანის ადგილზე მათი კანდიდატის დანიშვნას, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, საარჩევნო კოდექსის შეცვლას და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნების შესრულებამდე ფაშინიანის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში გაგრძელდება.

სომხეთის მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი ოპოზიციის მხარეს გადავიდა

     ფრაქცია „დაშნაკცუთუნის“ წევრი სურენ მანუკიანი დემონსტრანტებს შეუერთდა. მისი თქმით, ის სახალხო მოძრაობის წევრებთან ერთად მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას.
„მე, ვარ სურენ მანუკიანი, ვიმყოფები ბათუმში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ღინისძიებაზე, მაგრამ ვადევნებ თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. როგორც დეპუტატი ვერ გავდგები განზე. ვუერთდები სახალხო მოძრაობას. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“, – ამის შესახებ მანუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
ფრაქციაში დეპუტატის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ- მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 40 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი. თუ მმართველი კოალიციის წევრი მანუკიანი ასევე მხარს დაუჭერს ფაშინიანის კანდიდატურას, მას სულ 12 დეპუტატის ხმა დააკლდება.
სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს, ფრაქცია „დაშნაკცუთუნს”- 7, ნიკოლ ფაშანიანის ფრაქცია „ელქს“ – 9, 31 ადგილი აქვს „წარუკიანის“ ბლოკს.

სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და საპროტესტო აქციას შეუერთდა

     სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გრაჩ როსტომიანმა თანამდებობა დატოვა და ერევნის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. განცხადება ამის შესახებ უკვე ყოფილმა მინისტრმა Facebook – ის საშუალებით გაავრცელა.
როსტომიანმა აღნიშნა, რომ ის პარტია „აყვავებული სომხეთის“ მომხრეა, იზიარებს პარტიის ლიდერის მოწოდებას და პირადად გადის ერევნის ქუჩებში, მთავრობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ყოფილმა მინისტრმა კოლეგებს მოუწოდა, შეუერთდნენ ხალხს.

1tv.ge