უცხოეთი
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები დაესწრნენ

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ესწრებოდნენ. სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ოფიციალური დელეგაციებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ისხდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ 11 სახელმწიფოს, კერძოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ბოლივიისა და პარაგვაის ლიდერები.

მათ გარდა, ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ყოფილი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ღონისძიება ვლადიმერ პუტინმა და ფიფა-ს თავმჯდომარე ჯანი ინფანტინომ გახსნეს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და ავსტრალიამ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს.

1tv.ge