საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.
საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 600-ზე მეტი ნათლული პირადად დალოცა.
„დღეს არის ბედნიერი დღე. დიდი ნაწილი, 500 ბავშვზე მეტი მოინათლა და შეუდგა ქრისტეს მხედრიონს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო“, – განაცხადა ილია მეორემ.