რელიგია
მეუფე შიო: მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდება

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიციას გაგებით ეკიდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ განაცხადა.

მეუფე შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ კორექტული მიდგომისთვის.

ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან.

წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა და იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და მრავალი შეკითხვა სინოდში. ამას სჭირდება განხილვა და მუშაობა. ვადებზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს არ დაუკონკრეტებია, შესაძლოა თუ არა, ამ საკითხზე სინოდის რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს. რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის მკვეთრად უარყოფით პოზიციას უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე, პატრიარქის მოსაყდრის განცხადებით, საქართველოს ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ აქვს და შემაფერხებელი მიზეზი ეს არ არის.

სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. თქვენ დღეს მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას. ჩვენს ეკლესიაზე ეს ნამდვილად არაა, რადგან ჯერ, როგორც ჩანს, ყველა ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს“, – განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.

რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას, რომელმაც ოფიციალურად მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს ბუნებრივი პროცესია. ისტორიაში ყოველთვის ასე იყოვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც თავს იკავებს, ვიღაც წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება. რაც მთავარია, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ემანუელმა დღეს პატრიარქთან ბრძანა და ჟურნალისტებთანაც განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.