საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამერიკაში უკრაინის „ახალი ეკლესია“ არ აღიარა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ მეთაურად მხარი მიტროპოლიტ ონოფრეს დაუჭირა.
„განვაგრძოთ მიტროპოლიტ ონოფრეს აღიარება და მხარდაჭერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ მეთაურად და წინამძღვრად; რამდენიმე მოძმე ეკლესიასთან ერთად, არ დავუშვათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება“, - ნათქვამია ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დადგენილებაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დიპტიქში (მოხსენიების ღვთისმსახურებითი წესრიგი) რაიმე ცვლილება არ შედის და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამერიკაში ეს ოფიციალურად არ უთხოვიათ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ღრმა მწუხარება გამოთქვა, მათ შორის, მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის კანონიკური ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამერიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაგან ავტოკეფალია 1970 წელს მიიღო, მაგრამ მას ყველა კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს. კერძოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მას უწინდებურად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს.