საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც, სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის მოკითხვა გადასცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირანი დიდი კულტურის მქონეა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება დადებითი შედეგის მომტანი იქნება.