სამართალი
აქცია მთავრობის კანცელარიასთან – ოქრუაშვილის მომხრეები მის გათავისუფლებას მოითხოვენ

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

დაკავებულთა შორისაა პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც. მას ბრალად ედება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ამ საქმეში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სულ 19 პირს აქვს დაკისრებული.

დაკავებულთა მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც პარლამენტის შენობის წინ თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავს. მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს. ამჟამად კი 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა შორის მისი ძმიშვილიც არის.

ჩვენ მოვითხოვთ 21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ეს ღამე მთლიანად პროვოცირებული იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

აქციის მონაწილეები შენობასთან დაკავებულთა ფოტოებით მივიდნენ. ზოგიერთ მათგანს ეცვა მაისური წარწერით #ირაკლიპოლიტპატიმარია.

ეს ადამიანები რეალურად პოლიტპატიმრები არიან. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა იმის ფონზე, რომ ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი მკვლელების შეწყალების აქტს გამოსცემს", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაიკო თურმანიძემ.

აგორებული სკანდალის ფონზე, რომელიც ბოლო დროს წარმოიშვა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღეს შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა.

ზურაბიშვილმა, ისევე, როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესების დანერგვის სურვილი გამოთქვეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ბოლო ჯერზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრეზიდენტისთვის წარდგენილი შეწყალებულთა სია სამინისტროსთან საერთოდ არ შეუთანხმებია. არადა, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის გასამართლებული სამი და ერთი გაფლანგვა-მითვისებისთვის ძებნილი პირები აღმოჩნდნენ.