სამართალი
რუსი გენერალი NATO-სა და საქართველოს დაახლოებაში "დიდ საფრთხეს" ხედავს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების", (ОДКБ, სადაც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), გაერთიანებული შტაბების უფროსი ანატოლი სიდოროვი აცხადებს, რომ NATO-სა და საქართველოს დაახლოება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.

"კავკასიის რეგიონში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის მთავარ საფრთხეს ჩრდილოატლანტიკური კავშირისა და საქართველოს დაახლოება წარმოადგენს. საქართველო მიისწრაფვის ამერიკასა და NATO-სთან დაახლოებისაკენ და აშკარად პოზიციონირებს, როგორც მთავარი პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში," - აცხადებს რუსი გენერალ-პოლკოვნიკი.

მისი სიტყვებით, ამ პლაცდარმის გაძლიერებისათვის აშშ და მისი მოკავშირეები ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ საქართველოს. მათი მხარდაჭერით ეწყობა ფართომასშტაბიანი მრავალეროვანი სამხედრო სწავლებები და სხვა სახის ღონისძიებები, სადაც მუშავდება რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ტაქტიკური მონახაზი.

პარალელურად რუსმა გენერალმა ისაუბრა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების" სამხედრო ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებაზე "Боевое братство-2019", რომელიც 8-29 ოქტომბერს სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაიმართება.