პოლიტიკა
კრემლი საქართველოსთან კარგი ურთიერთობების აღდგენის მომხრეა - პესკოვი

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთს იმედი აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დასაწყისი გახდება, იუწყება РИА Новости რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა გასულ კვირაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შვეიცარიის ხელშეწყობით გაიმართა.

ერევანში მყოფმა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“აღიქვეს, საქართველოს დედაქალაქში მას მოყვა ისტერიკა, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე „არც ისე ადეკვატური რეაქცია“ იყო.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ძალიან თბილად აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის, ხოლო კრემლში, როგორც მთელს ქვეყანაში, კარგი ურთიერთობების აღდგენას ისურვებდნენ.

მაგრამ, აღნიშნა პესკოვმა, ოფიციალური თბილისის მხრიდან „დღემდე პრობლემები არსებობს“.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. პრაღაში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემები, ჰუმანიტარული პრობლემები და ა.შ. პოლიტიკური პრობლემები - ჟენევაში მოლაპარაკებების თემაა.