საზოგადოება
საქართველო 2020 წლის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო 2020 წლის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. 30 მიმართულებისგან შემდგარი რეიტინგი ვებპორტალმა „თრეველ ლემინგმა“ მსოფლიოში წამყვანი ბლოგერების ხმის მიცემის საფუძველზე გამოავლინა.

როგორც ვებპორტალის შეფასებაშია აღნიშნული, საქართველო შესაძლოა, მსოფლიოში მოგზაურობის უდიდესი დამალული მარგალიტია.

შოკისმომგვრელია იმის რაოდენობა, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ კომპაქტურ ქვეყანაში. თვალწარმტაცი კავკასიის მთები ალპებს ამ უკანასკნელთა სიძვირის გამო უგებს. თბილისის ბოჰემური ძველი ქალაქი პრაღას პოზიტიურად საფეხმავლოდ წარმოაჩენს, საქართველოს ღვინის სცენა კი ამჟამად გლობალური აღიარების მომენტს განიცდის”, – აღნიშნულია სტატიაში.

ამას გარდა, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო არის საკმაოდ ხელმისაწვდომი ტურისტული მიმართულება.

„სხვაგან სად შეგიძლიათ კიდევ ისიამოვნოთ ევროპული სტილისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დასვენების ბიუჯეტით?“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი მოგზაურებს საქართველოში სტუმრობისთვის აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდს ურჩევს. ძირითად ღირსშესანიშნაობებს შორის კი უშგულს, კახეთის ღვინის რეგიონსა და ძველ თბილისს ასახელებს.

სტატიაში ასევე მოყვანილია გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე ბლოგერის, კეიტ მაქკალის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აირჩიეს საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად.

საქართველოს უამრავი შესათავაზებელი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დედაქალაქი, შესანიშნავი მთიანი პეიზაჟები, ნამდვილად გამორჩეული კერძები და ღვინო. ყველაფერი ეს და მისი ფანტასტიკური ფასი. მე სრულად ველოდები, რომ საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მიმართულება”, – აღნიშნავს კეიტ მაქკალი.

30 ტურისტული მიმართულების სიაში პირველი ათეული ასე გამოიყურება: საქართველო, ნოვა სკოტია, კუკის კუნძულები, რუანდა, ყირგიზეთი, ეკვადორი, გოტენბურგი (შვედეთი), ჩარჩილი (მანიტობა, კანადა), დომინიკა და უზბეკეთი.