უცხოეთი
ნორმანდიული სამიტის შედეგები - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ნორმანდიული სამიტი დასრულებულია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტი ნაყოფიერად შეაფასა.

ოთხმხრივი შეხვედრის დასასრულს პარიზის სამპუნქტიანი კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელზეც სამიტში მონაწილე მხარეები აღმოსავლეთ უკრაინის საკითხთან მიმართებით შეჯერდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, რაც 2019 წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის სრული და ყოვლისმომცველი რეჟიმის რეალიზაციას გულისხმობს. ასევე, მხარს უჭერენ განაღმვის განახლებული გეგმის რეალიზაციას და 2020 წლის მარტის მიწურულამდე, ძალების დაშორიშორების მიზნით, დამატებით სამი პუნქტის შექმნას. ასევე საუბარია კონფლიქტის შედეგად დაკავებული პირების „ყველა – ყველაზე“ პრინციპით გაცვლაზე.

ლიდერებს აუცილებლად მიაჩნიათ „შტაინმაიერის ფორმულის“ ინტეგრირება უკრაინის კანონმდებლობაში და   დაინტერესებას გამოთქვამენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი ასპექტის შეთანხმებაზე, როგორც ეს მინსკის შეთანხმების კომპლექსურ ზომებშია გაწერილი.

ლიდერები ასევე სთხოვენ საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლიტიკურ მრჩევლებს, უზრუნველყონ მიღწეული შეთანხმებების რეალიზაცია.

მხარეები შეთანხმდნენ, ამავე ფორმატში მომდევნო შეხვედრა უახლოეს ოთხ თვეში გამართონ.

1tv.ge