საზოგადოება
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, უკანონოდ ცნობენ. აქციის მონაწილეებმა შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს. აქციას 500-მდე ადამიანი ესწრება.

დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

გუშინ ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს არჩევნების შედეგები. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყოფილი იქნა, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში წარადგინა.