სამართალი
ალგეთში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობის ნაწილმა აზერბაიჯანის საზღვრისკენ, „წითელი ხიდისკენ" მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.

ალგეთელები აცხადებენ, რომ ორი წელია, რაც წყალი და გაზი არ მიეწოდებათ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს პრობლემის გადაჭრის თხოვნით, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, დანაპირები არ შესრულებულა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, წყლის პრობლემა სოფელში ნამდვილად არის, მაგრამ ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ყველაფერს აკეთებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აქციის ადგილზე გავიდნენ და მოსახლეობას შეხვდებიან. დიახ, მათ აქვთ საბაზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მუნიციპალიტეტი ამ საკითხზე ეტაპობრივად მუშაობს და ამის შესახებ მოსახლეობამ იცის. გასულ წელს დააგეს ასფალტი, გააკეთეს გარე განათება", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, სოფელ ალგეთში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება 3 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ტენდერი პროექტზე უკვე გამოცხადდა.

გამოცხადდა ტენდერი. ამჟამად მუნიციპალიტეტი შერჩევისა და შეფასების ეტაპზეა. დიახ, პრობლემა არის, მაგრამ მოსახლეობამ იცის, რომ ის გადაწყდება. მოსახლეობას პერიოდულად ვხვდებით. ბოლო შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გვქონდა და პროექტი დეტალურად გავაცანით", – განაცხადა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

საპროტესტო აქციის გამო „წითელი ხიდისკენ“ მიმავალ გზაზე ავტომობილების „საცობი" წარმოიქმნა.