უცხოეთი
ჰასან როუჰანი: ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით შიშების გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ France24 წერს.

„ამერიკელებს არ უნდა მივცეთ საშუალება ა,ხალი ვირუსი შიშის დასათესად გამოიყენონ. ამერიკელები თავად ებრძვიან კორონავირუსს. 16 ათასი ადამიანი დაიღუპა ამერიკაში გრიპით, მაგრამ თავიანთ დაღუპულებზე არ საუბრობენ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანში კორონავირუსით 19 ადამიანი დაიღუპა. 139 ადამიანი ინფიცირებულია, მათ შორის ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

imedinews.ge