სამართალი
მთავრობამ რკინიგზის პრივატიზაციაზე უნდა იფიქროს - ფინანსთა მინისტრი

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ შეიძლება იფიქროს. ამის თაობაზე ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი სიტყვებით, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ლიანდაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის, „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზებული.

90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რუსეთს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი.

იყო საუბარი, რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია. აქ ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი - ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. ჩვენს შვილებს სითბო ექნება თუ არა, ამაზე სტრატეგიულია, ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ „ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ“.

მისი თქმით, იგივე სიტუაციაა ენერგეტიკაშიც, დიდი ნაწილი პრივატიზირებულია - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.