საზოგადოება
აშშ-ის ახალმა ელჩმა ირიბად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება სასამართლოების პოლიტიზაციასა და პოლიტპატიმრების არსებობაში

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მრავალი წელია, აშშ საქართველოს პარტნიორია და ჩადო თითქმის 30 მილიონი დოლარი მისი მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, მისი გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და სანდოობის გაზრდაში. ჩვენ გვინდა, დავინახოთ კანონის უზენაესობის გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მას სჯერა, რომ სამუშაო, რომელიც საქართველომ გასწია მართლმსაჯულების პროცედურების გასაძლიერებლად, მოიტანს ცვლილებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

გვსურს უზრუნველვყოთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგეს მართლმსაჯულებისა თუ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში. ვგრძნობ, რომ ყველა მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ პარტიასაც ესმით, რა დევს სასწორზე, როცა ცდილობ, გქონდეს სუფთა, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და არ ცდილობ, მოახდინო მართლმსაჯულების პროცესის პოლიტიზება. ეს საკითხები გამიჯნული უნდა იყოს. სწორედ ამისთვის ვთანამშრომლობთ საქართველოსთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დეგნანი ამბობს, რომ სანდო მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ კომფორტულად, არამედ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და ეკონომიკის განვითარებისთვის.

თუკი ინვესტორი არ თვლის, რომ დადებული კონტრაქტი ეფექტიანი იქნება, ან დროულად და სამართლიანად გადაწყდება შესაძლო დავა, ის არ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.