სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

მოსამართლეს თხოვნით თავად ბრალდებულმაც მიმართა და სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებინა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.