აქტუალური
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდენცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანილი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის სულ 24 შემთხვევა არის დადასტურებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, 24 დადებითი შემთხვევიდან ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობას, ერთი – ესპანეთში, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

მისივე თქმით, 24-ე პაციენტი ასევე დაკავშირებულია იტალიასთან.

ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა, ანუ არ არის შიდა. ისევ და ისევ გახლავთ შემოტანილ შემთხვევასთან ასოცირებული“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.