სამართალი
რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.

როგორც რაგბის კავშირის წარმომადგენლები განმარტავენ, ყველას, ვინც მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდება.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად“, - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.