უცხოეთი
აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.

ამის შესახებ ინფორმაცია ბანკმა გაავრცელა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, აღნიშნული პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

„ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა,

ასაკავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 6.5 მილიარდიანი პაკეტის გარდა, ADB მზად არის, საჭიროების მიხედვით დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს მის წევრებს.

გამოყოფილი ძირითადი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 3.6 მილიარდ აშშ დოლარს სუვერენული (სახელმწიფო) ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად; ხოლო 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება არასუვერენულ (კერძო სექტორის) ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონული ვაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაც პირდაპირი ზარალი მიიღეს. აზიის განვითარების ბანკი ასევე მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ შეღავათიან რესურსებს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. ADB ასევე გამოყოფს 40 მილიონ აშშ დოლარს ტექნიკური დახმარებისა და სწრაფი გრანტებისთვის.

ამასთან, ბანკის ინფორმაციით, წევრი ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტის მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად გასაცემად, ADB გადახედავს მის ფინანსურ ინსტრუმენტენტებსა და ბიზნეს პროცესის მიმდინარეობას. აღნიშნული პროცედურების აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს დამტკიცების შემდეგ დახმარების უფრო სწრაფად მიღების საშუალება მიეცემათ ეკონომიკებს, რომლებიც მწვავე ფისკალური შეზღუდვებს განიცდიან. ასევე გამარტივებული პროცედურებით გაიცემა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის განკუთვნილი სესხები და უნივერსალური შესყიდვები მოქნილი და სწრაფი მექანიზმით შედგება.

„პანდემია მოითხოვს ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მოქმედებასა და მჭიდრო თანამშრომლობას. COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ADB კიდევ უფრო გაამყარებს თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, რეგიონული განვითარების ბანკებთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ორმხრივი დაფინანსების სააგენტოებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან, ისევე როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია ბანკის მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანკის ცნობით, 2020 წლის 7 თებერვლის ანუ კორონავირუსის საპასუხოდ განხორციელებული პირველი ქმედების შემდეგ მას 225 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი წევრ განვითარებად ქვეყნებში მთავრობებისა და ბიზნესებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე, ბანკის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო ქმედებები მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:

7 თებერვალი, 2020 წელი – 2 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ინფექციური დაავადებების პრევენციის, დადგენის და საპასუხო ქმედებების გასაძლიერებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დიდი მეკონგის ქვერეგიონში;

25 თებერვალი, 2020 წელი – 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაცემული უჰანში არსებული სადისტრიბუციო ფარმაცევტული კომპანიისთვის აუცილებელი დამცავი სამედიცინო და პირადი აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვის უწყვეტად შესანარჩუნებლად;

26 თებერვალი, 2020 წელი – მეორე საგრანტო ფანჯარა შეიქმნა საწყისი 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით წევრი განვითარებადი ქვეყნების კორონავირუსის წინააღმდეგ ქმედებების განსახორციელებლად. ამ საგრანტო ფანჯრისთვის მობილიზებულია დამატებითი ფინანსებიც;

12 მარტი, 2020 წელი – 200 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო აზიის განვითარების ბანკის მომარაგებს ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის წინააღმდეგ საჭირო მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით აზიის განვითარების ბანკს აქვს შესაძლებლობა, ასეთ კომპანიებს სამუშაოდ აუცილებელი კაპიტალი გამოუყოს;

13 მარტი, 2020 წელი – 3 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოიყო COVID-19-ის წინააღმდეგ ფილიპინების მთავრობის საპასუხო ქმედებებისთვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მარაგებისა და ეფექტიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისთვის;

13 მარტი, 2020 წელი – 600 000 აშშ დოლარის გრანტი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების პროექტის ფარგლებში გამოიყო შრი-ლანკაში კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული და საპასუხო ზომების დასაფინანსებლად, მათ შორის დაავადების შესწავლისა და სამედიცინო მარაგისა და აღჭურვილობის შესაძენად;

13 მარტი, 2020 წელი – 100 000 აშშ დოლარი გამოიყო ტაჯიკეთში დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ინტეგრირებული პროექტიდან COVID-19-ის პრევენციისა და შედეგების შემცირების მიზნით, სამედიცინო მარაგისა და აღჭურვილობის დასაფინანსებლად;

18 მარტი, 2020 წელი – 1.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო მონღოლეთში ჯანდაცვის სექტორის განვითარების მეხუთე პროექტიდან მწვავე რესპირატორული დაავადებების ადრეული აღმოჩენის, გადაუდებელი მკურნალობისა და მართვისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. აზიის განვითარების ბანკმა ასევე გამოყო 225 000 აშშ დოლარის ოდენობის მცირე ტექნიკური დახმარება მონღოლეთში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად.

„ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები განხორციელდა აზიის განვითარევის ბანკის წევრი ყველა განვითარებადი ქვეყნისთვისაა ხელმისაწვდომი“, – აცხადებს ბანკი.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკის პირველი ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი მონაცემთა ბაზა 2020 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა – The Economic Impact of the COVID-19 Outbreak on Developing Asia. მასში მოცემულია ვირუსის სავარაუდო ზემოქმედების მასშტაბები განვითარებად აზიაში და ასევე რეგიონის ცალკეულ ეკონომიკებსა და სექტორებზე, მრავალი არხის გათვალისწინებით, მათ შორის შიდა მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა, ადგილობრივი ტურიზმი, საქმიანი მოგზაურობა, ვაჭრობა და წარმოების ჯაჭვები, მიწოდების შეფერხება და გავლენა ჯანდაცვაზე.

ADB პანდემიის ეკონომიკური ზიანის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აზიის განვითარების პროგნოზის 2020-ის გამოცემაში წარადგენს, რომელიც 2020 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდება.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის წარდგენილი.

1tv.ge