აქტუალური
გიორგი გახარიამ სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი დაავალა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 22 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების და მათი შესაბამისი სამსახურებრივი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა შესაბამისი დავალებები.

ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესისა და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა, რომ სოციალურ დისტანცირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლას და ხაზი გაესვა, რომ გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; ითქვა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების მიმართულებით შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით, მაქსიმალურად გამარტივდება პროცედურები, რათა შეუზღუდავად მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებსა და მთლიანად საზოგადოებას.