უცხოეთი
აშშ-ის სენატმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სენატმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ინიციატივას 96 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი არავინ იყო. წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს კენჭს 29 მარტს უყრის.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს. მთავრობა ასევე დაეხმარება დაზარალებულ ბიზნესს და სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.

კერძოდ, 1200 დოლარს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია. ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აღწევს. გარდაცვლილია 1000-ზე მეტი.

1tv.ge