რელიგია
რუსეთის საპატრიარქო მრევლს ურჩევს, მღვდლის ხელზე ამბორისგან თავი შეიკავონ

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საპატრიარქო კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მოსკოვის ეპარქიისთვის ინსტრუქციას ავრცელებს. დოკუმენტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეს მიერაა დამტკიცებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინსტრუქცია გაიცემა ხალხზე ზრუნვისა და ხელისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით. ინსტრუქციის თანახმად, ზიარების დროს თითოეული მორწმუნის ზიარების შემდგომ კოვზი გაიწმინდება სპირტით გაჟღენთილი ხელსახოცით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ხელსახოცი. ზიარების შემდეგ მისაყოლებელი მრევლს ერთჯერადი ჭურჭლით მიეწოდება.

ინსტრუქციის თანახმად, სეფისკვერების დარიგება ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით მოხდება.

რუსეთის ეკლესია მოზიარეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ზიარების თასზე (ბარძიმზე) მთხვევისგან.

ნათლობის ყოველი რიტუალისას უნდა მოხდეს წყლის გამოცვლა და კურთხევა. ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერო პირებს ურჩევენ ჯვარზე მთხვევის ნაცვლად მორწმუნეებს თავზე დაადონ ჯვარი, მრევლს ურჩევენ მღვდლის ხელზე ამბორისგან თავი შეიკავონ.

ინსტრუქციის თანახმად, ღვთისმსახურებისას გამოყენებული ჭურჭელი ყოველი რიტუალის შემდეგ უნდა დამუშავდეს მდუღარე წყლით, დროებით შეწყდეს საკვირაო სკოლების, ასევე სექციებისა და წრეების მუშაობა.

ამას გარდა, ინსტრუქცია ითვალისწინებს ტაძრების განიავებას, ტაძრებში საერთო სარგებლობის ავეჯის, ასევე ხატების დეზინფექციას. სასულიერო პირებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე დაიცვან ჰიგიენის წესები, მათ შორის ხელების დეზინფექცია.